ალეპოში SDG-ის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

ალეპოს ჯანდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

By
ალეპოში SDG-ის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა / AA

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ორშაბათს ალეპოს ჩრდილოეთით „სირიის დემოკრატიული ძალების“ (SDG) მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

ალეპოს ჯანდაცვის სამმართველოს მედიასამსახურის წარმომადგენელმა სახელმწიფო ტელევიზია Alikhbaria TV-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქალაქის საცხოვრებელ უბნებზე მიტანილი იერიშის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

SDG-ის ტერორისტებმა ორშაბათს გვიან ღამით შეიხანისა და ელ-ლაირამუნის გზაჯვარედინებს შორის მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტსა და ელ-რაზის ჰოსპიტალს ტყვიამფრქვევებითა და ნაღმტყორცნებით ცეცხლი გაუხსნეს.

სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმის შემდეგ დაჯგუფების რამდენიმე წევრი განეიტრალდა.

SDG იმყოფება YPG-ს კონტროლის ქვეშ, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის სირიულ ფრთას წარმოადგენს.

სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 10 მარტს გამოაცხადა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას SDG-ის სახელმწიფო ინსტიტუტებში ინტეგრაციის შესახებ. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უარყოფილ იქნა დაყოფის ნებისმიერი მცდელობა.

სირიელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მას შემდეგ SDG-ს შეთანხმების პირობების შესასრულებლად არანაირი ძალისხმევა არ გამოუჩენია.

სირიის მთავრობა აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელიც ქვეყანას 24 წლის განმავლობაში მართავდა, დაემხო.