ინდონეზიის კომუნიკაციების მინისტრმა მეუტია ჰაფიდმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, კომპანიებმა TikTok-მა და YouTube-მა 16 წლამდე ასაკის ბავშვების კუთვნილი, ჯამში, დაახლოებით 4,7 მილიონი ანგარიში დახურეს.
კომუნიკაციებისა და ციფრულ საქმეთა მინისტრმა მეუტია ჰაფიდმა ხუთშაბათს გვიან საღამოს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის, ByteDance-ის მიერ შექმნილმა TikTok-მა 4,1 მილიონი ანგარიში გააუქმა, ხოლო Alphabet-ის მფლობელობაში არსებული Google-ის ვიდეოპლატფორმა YouTube-მა - 600 ათასი. მინისტრმა დასძინა, რომ უწყება სხვა სოციალური მედიის პლატფორმებისგანაც იგივე ნაბიჯის გადადგმას ელის.
ორივე კომპანიას აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მარტში ინდონეზიამ გამოსცა რეგულაცია, რომელიც იმ სოციალური მედიის კომპანიებს, რომელთა პლატფორმებიც „მაღალი რისკის“ შემცველად მიიჩნევა, 16 წლამდე ასაკის ბავშვების ანგარიშების დახურვას ავალდებულებს. ამ დრომდე ამ კატეგორიაში მოხვედრილ პლატფორმებს შორის არის X, Meta-ს კუთვნილი Instagram-ი და სათამაშო პლატფორმა Roblox-ი.
ინდონეზიის მთავრობის მიერ კიბერბულინგისა და დამოკიდებულების რისკის შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოჰყვა ავსტრალიის მიერ გასულ წელს მიღებულ აკრძალვას, რომელიც ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის გამო დაწესდა.
ავსტრალიის ეს ინოვაციური მიდგომა ყურადღებით შეისწავლება იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც არასრულწლოვანთა ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით მსგავსი ნაბიჯების გადადგმა სურთ.
გაერთიანებულმა სამეფომ ამ თვეში განაცხადა, რომ გეგმავს უფრო ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც სათამაშო და პირდაპირი ტრანსლაციის პლატფორმებსაც მოიცავს.



















