პეზეშკიანი: „ირანი აშშ-სთან, ისრაელთან და ევროპასთან 'ყოვლისმომცველ ომშია'“

ირანის ლიდერმა აშშ, ისრაელი და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ირანის კოლაფსის (დაშლის) მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

By
პეზეშკიანი / AP

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და ევროპასთან „ყოვლისმომცველი ომის“ მდგომარეობაშია.

შაბათს, ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, პეზეშკიანმა აღნიშნა: „ჩვენ აშშ-სთან, ისრაელთან და ევროპასთან ყოვლისმომცველ ომში ვიმყოფებით“.

„ეს ომი 1980-1988 წლების ერაყის ომზე უფრო საშიში, რთული და მძიმეა“, - დასძინა მან.

ირანის ლიდერმა აშშ, ისრაელი და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ირანის დაშლის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„ერაყის ომის დროს სიტუაცია ნათელი იყო: ისინი რაკეტებს ისროდნენ და ჩვენ ვიცოდით, სად უნდა დაგვერტყა. მაგრამ დღეს ისინი ყველა მხრიდან გვაქცევენ ალყაში, ჩვენზე ზეწოლას ახდენენ, ხელს უშლიან ჩვენს ვაჭრობას და საზოგადოების სხვადასხვა სფეროში ხალხის მოლოდინებს ზრდიან“, - თქვა მან.

ივნისში, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს, აშშ-ის სამხედრო შენაერთებმა ირანის სამ დიდ ბირთვულ ობიექტზე - ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანზე - ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბების გამოყენებით მიიტანეს იერიში.

თავდასხმები მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანზე შეტევა დაიწყო, რის შედეგადაც დაიღუპნენ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და ბირთვული სფეროს მეცნიერები, ასევე სამიზნეში მოექცა ზოგიერთი ბირთვული ობიექტი.