ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნები „დიდი ხნით“ შეჩერდება

ტრამპმა თქვა: „ისედაც საკმარისი პრობლემები გვაქვს. ეს ხალხი არ გვინდა“.

By
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნები „დიდი ხნით“ შეჩერდება / AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლთან ახლოს ავღანეთის მოქალაქის მიერ მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, მისი ადმინისტრაცია თავშესაფრის მოთხოვნების „დიდი ხნით“ შეჩერებას გეგმავს.

კვირას, როდესაც ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გატარებული მადლიერების დღის არდადეგების შემდეგ ვაშინგტონში მიემგზავრებოდა, ტრამპმა თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა: „ვფიქრობ, თავშესაფრის მოთხოვნებს დიდი ხნით შევაჩერებთ. ისედაც საკმარისი პრობლემები გვაქვს. ეს ხალხი არ გვინდა“.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა შეჩერება ერთი ან ორი წელი, პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა: „დროში შეზღუდვა არ არის, მაგრამ შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა მიმართულია იმ ქვეყნების მოქალაქეებისკენ, რომლებსაც ის „დანაშაულის მაღალი დონის მქონედ“ და „არამეგობრულად“ ახასიათებს, და დაამატა, რომ ზოგიერთი ქვეყანა „შიდა კონტროლს აღარ ექვემდებარება“. ტრამპმა თავის განცხადებაში განსაკუთრებით გამოყო სომალი და თქვა: „ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ გვასწავლონ, როგორ ვმართოთ ქვეყანა“.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ სიტყვებით სომალიში დაბადებულ დემოკრატ წარმომადგენელს, ილჰან ომარს გულისხმობდა.

26 ნოემბრის თავდასხმის შედეგად 20 წლის სარა ბეკსტრომი დაიღუპა, ხოლო 24 წლის ენდრიუ ვულფი მძიმედ დაიჭრა; ორივე მათგანი ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურე იყო.

ამერიკული მედიის ცნობით, თავდამსხმელი, ავღანეთის მოქალაქე რაჰმანულა ლაკანვალი აშშ-ში 2021 წელს, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ შევიდა და მანამდე აშშ-ის სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან, მათ შორის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA) თანამშრომლობდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლაკანვალს თავშესაფარი 2025 წლის აპრილში მიენიჭა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდს ემთხვევა.

თუმცა, ტრამპთან დაახლოებული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ლაკანვალი ქვეყანაში მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის დროს შეუშვეს და ბაიდენის ადმინისტრაციას შემოწმების სუსტი მექანიზმების გამო აკრიტიკებენ.