ქნესეთი პალესტინელი პატიმრებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღების შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრის

თუ კანონპროექტი ძალაში შევა, ის სამხედრო სასამართლოებში განხილული ზოგიერთი საქმისთვის სიკვდილით დასჯას ძირითად სასჯელად აქცევს.

By
ქნესეთი პალესტინელი პატიმრებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღების შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრის / AP

ისრაელის პარლამენტი (ქნესეთი) ემზადება კენჭი უყაროს კანონპროექტს, რომელიც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მყოფი პალესტინელი პატიმრებისთვის სიკვდილით დასჯას ძირითად სასჯელად განსაზღვრავს.

პარლამენტმა განხილვები ორშაბათს, საგაზაფხულო არდადეგებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. კანონპროექტის მიღება იქნება ისრაელის ულტრამემარჯვენეების მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაცია - გაამკაცრონ სასჯელი იმ პალესტინელებისთვის, ვინც ისრაელელების წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული. ეს გამარჯვება იქნება კანონპროექტის წარმდგენი რელიგიური პარტიის ლიდერისა და ისრაელის ულტრამემარჯვენე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირისთვის.

კანონის მოწინააღმდეგეები მას „რასისტულს და სასტიკს“ უწოდებენ. კანონი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯის აღსრულებას 30 დღის განმავლობაში, თუმცა მოსალოდნელია, რომ უფლებადამცველი ჯგუფები გადაწყვეტილებას ისრაელის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ბენ-გვირმა კენჭისყრისთვის მზადების პროცესში კანონპროექტის პოპულარიზაცია მოახდინა ლაცკანზე მიმაგრებული პატარა მარყუჟით (სახრჩობელას სიმბოლო), რაც კანონით გათვალისწინებული დასჯის მეთოდზე აშკარა მინიშნება იყო.

„ღმერთის შეწევნით, ჩვენ ამ კანონს სრულად ავამოქმედებთ და ჩვენს მტრებს დავხოცავთ“, - განაცხადა ბენ-გვირმა მას შემდეგ, რაც კანონპროექტი საბოლოო კენჭისყრაზე დასაშვებად დამტკიცდა. მან დაამატა, რომ ეს არის „ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი“, რომელიც პარლამენტმა ბოლო წლებში მიიღო. ბენ-გვირის პარტია ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

რას მოიცავს კანონპროექტი?

კრიტიკოსებს შორის არიან ისრაელელები და პალესტინელები, საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები და გაერო. აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ისრაელის სასამართლო სისტემებს შორის იერარქიას დაამყარებს და სიკვდილით დასჯას მხოლოდ პალესტინელი პატიმრებით შემოფარგლავს.

კანონპროექტი სამხედრო სასამართლოებს ავალდებულებს, „ტერორისტული აქტის“ ფარგლებში ეს სასჯელი მიუსაჯონ მათ, ვინც ისრაელელის მკვლელობაში იქნება დამნაშავედ ცნობილი. მსგავსი სასამართლოები მხოლოდ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მყოფ პალესტინელებს ასამართლებენ, რომლებიც არ არიან ისრაელის მოქალაქეები. კანონპროექტში ნათქვამია, რომ სამხედრო სასამართლოებს „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ შეუძლიათ სასჯელი უვადო პატიმრობით შეცვალონ.

ისრაელის სასამართლოებს, რომლებიც ასამართლებენ ისრაელის მოქალაქეებს (მათ შორის პალესტინელ ისრაელელებს), ისრაელის მოქალაქეებისა და მაცხოვრებლებისთვის ზიანის მიყენების ან „ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უარყოფის განზრახვით“ ჩადენილი მკვლელობის საქმეებში შეუძლიათ აირჩიონ უვადო პატიმრობასა და სიკვდილით დასჯას შორის.

ამიჩაი კოენმა, ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუტების ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, განაცხადა, რომ ეს დისკრიმინაციული პრაქტიკაა.

„ეს გავრცელდება იმ რეგიონებზე, სადაც სამხედრო სასამართლოებია - ანუ პალესტინელების სასამართლოები. ის ისრაელის სასამართლოებშიც იქნება გამოყენებული, მაგრამ მხოლოდ იმ ტერორისტული საქმიანობისთვის, რომელიც ჩადენილია ისრაელის არსებობისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. ეს ნიშნავს, რომ ებრაელები ამ კანონით არ გასამართლდებიან“, - აღნიშნა კოენმა.

კრიტიკა კანონპროექტის მიმართ

კოენმა ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ისრაელის პარლამენტმა არ უნდა გამოსცეს კანონები ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროსთვის, რომელიც არ არის ისრაელის სუვერენული ტერიტორია. ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე კოალიციის ბევრი წევრი მიზნად ისახავს ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ისრაელთან ანექსიას.

პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ადვოკატმა წინა განხილვებისას გამოთქვა შეშფოთება და აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს შეწყალების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებს. კანონპროექტი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯის აღსრულებას განაჩენის გამოტანიდან 90 დღის ვადაში.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ისრაელის კანონმდებლობაში სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია გენოციდის, ომის დროს ჯაშუშობისა და ზოგიერთი ტერორისტული დანაშაულისთვის, ქვეყანას 1962 წლის შემდეგ, როდესაც ნაცისტი სამხედრო დამნაშავე ადოლფ ეიხმანი დასაჯეს, სიკვდილით არავინ დაუსჯია.

ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შიშობს, რომ კანონპროექტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მძევლების გათავისუფლების მომავალ მოლაპარაკებებს. 2023 წლის ოქტომბრის თავდასხმის დროს აყვანილი დაახლოებით 250 მძევალი ისრაელმა ათასობით პალესტინელ პატიმარში გაცვალა.

ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფი „ისრაელის საზოგადოებრივი კომიტეტი წამების წინააღმდეგ“ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო გაეროში მუდმივად აძლევს ხმას სიკვდილით დასჯის გაუქმების სასარგებლოდ.