ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ-სთან გაღრმავებული დაძაბულობის ფონზე, მადურომ „აბსოლუტური ერთგულების“ ფიცი დადო
ვენესუელის პრეზიდენტმა დაგმო აშშ-ის სამხედრო ზეწოლა, უარყო „მონური მშვიდობა“ და ვაშინგტონიდან მომდინარე მუქარების შესახებ გაფრთხილება გააკეთა.
აშშ-სთან გაღრმავებული დაძაბულობის ფონზე, მადურომ „აბსოლუტური ერთგულების“ ფიცი დადო
აშშ-სთან გაღრმავებული დაძაბულობის ფონზე, მადურომ „აბსოლუტური ერთგულების“ ფიცი დადო / Reuters

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ვენესუელელ ხალხს „აბსოლუტური ერთგულების“ პირობა მისცა.

ორშაბათს, საპრეზიდენტო სასახლის გარეთ, მმართველ პარტია PSUV-ს აქტივისტებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მადურომ განაცხადა, რომ უგო ჩავესის მემკვიდრეობის ერთგულია და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ვენესუელის სუვერენიტეტის დაცვა.

„როგორც ჩვენი მეთაურის, ჩავესის ნეშტის წინაშე დავიფიცე, დღესაც, სანამ ამ ლამაზ და გმირობით აღსავსე ისტორიაში ცხოვრება შეგვიძლია, აბსოლუტურ ერთგულებას გეფიცებით. დარწმუნებული იყავით, არასდროს მიგატოვებთ, არასდროს, არასდროს, არასდროს“, - აღნიშნა მადურომ.

მადუროს გამოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ვაშინგტონმა კარაკასზე ზეწოლა გააძლიერა.

სექტემბრიდან მოყოლებული, აშშ-მა კარიბის ზღვასა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკების სავარაუდო კონტრაბანდის გადამზიდ გემებზე სულ მცირე 21 იერიში მიიტანა; თავდასხმების შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა.

ტრამპი ასევე დაიმუქრა ოპერაციების ხმელეთზე გავრცელებით, გააკეთა გაფრთხილება, რომ ვენესუელის საჰაერო სივრცე „დაკეტილად უნდა ჩაითვალოს“ და „კარტელ დე ლოს სოლესი“ (Cartel de los Soles), რომელთან კავშირშიც ვაშინგტონი მადუროს ადანაშაულებს, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

თავად მადურო კი კრიმინალურ საქმიანობასთან კავშირს უარყოფს.

სუვერენული მშვიდობა და არა „მონური მშვიდობა“

კარაკასში გამართულ ცალკე მიტინგზე მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელას სურს მშვიდობა „სუვერენიტეტით, თანასწორობითა და თავისუფლებით“ და უარყოფს იმას, რაც მან „მონურ მშვიდობად“ შეაფასა.

მადუროს მტკიცებით, მისი ქვეყანა განიცდის „22-კვირიან თავდასხმას, რომელიც შეიძლება ფსიქოლოგიურ ტერორად შეფასდეს“, ხოლო აშშ-ის მიერ რეგიონში საზღვაო ძალების თავმოყრა მისი მთავრობის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

„ჩვენ მშვიდობა გვინდა, ოღონდ ისეთი, რომელიც სუვერენიტეტს, თანასწორობასა და თავისუფლებას ეფუძნება. არ გვსურს არც მონური და არც კოლონიური მშვიდობა. ვენესუელელმა ხალხმა სამშობლოს სიყვარული დაამტკიცა“, - განაცხადა მადურომ.

კვირას ტრამპმა, დეტალების დაზუსტების გარეშე განაცხადა, რომ მცირე ხნის წინ მადუროს ესაუბრა.

მადურომ კი აღნიშნა, რომ ტრამპთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზად არის.

ორშაბათს კარაკასში ასობით სამთავრობო მხარდამჭერმა აშშ-ის მუქარების გასაპროტესტებლად მსვლელობა გამართა.

მომიტინგეთა ჯგუფის ლიდერმა, ნარცისო ტორეალბამ განაცხადა: „ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, არ გვინდა ომი, ჩვენ მშვიდობა გვსურს“.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“