რუსეთმა, მკაცრი ზამთრის პირობების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნით, 1 თებერვლამდე კიევზე საჰაერო თავდასხმების შეჩერებაზე თანხმობა განაცხადა. სანამ ვაშინგტონი ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზების ძიებას აგრძელებს, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის საპასუხო ნაბიჯი გადადგას.
თუმცა, მაშინ როცა კვირა დღიდან უკრაინის დედაქალაქში ძლიერი ყინვების ახალ ტალღას ელოდებიან, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ოფიციალური ზავი არ არსებობს. ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ რუსეთმა თავდასხმები უკრაინის ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე გადაიტანა.
ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები დაბომბა.
კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის „ხელსაყრელი პირობების“ შექმნის მიზნით, მიიღო ტრამპის თხოვნა კიევის დაბომბვის შეწყვეტის შესახებ. ბოლო კვირების განმავლობაში კიევის ენერგოინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა რუსულმა თავდასხმებმა, იმ პერიოდში, როდესაც ტემპერატურა ხშირად მინუს 15 გრადუსზე დაბლა ეცემოდა, ასობით ათასი ადამიანი დღეების განმავლობაში სახლებში გათბობის გარეშე დატოვა.
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: „პრეზიდენტმა ტრამპმა პირადად სთხოვა პრეზიდენტ პუტინს, რომ მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, 1 თებერვლამდე, ერთი კვირის განმავლობაში, თავი შეიკავოს კიევზე თავდასხმებისგან. პრეზიდენტმა პუტინმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაც მზად არის საპასუხო ქმედებისთვის და შეუძლია შეაჩეროს თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე. მან დასძინა, რომ ეს არის „უფრო მეტად შესაძლებლობა, ვიდრე შეთანხმება“.
Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმა არ მომხდარა და მოსკოვმა აქცენტი ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე გადაიტანა.
ზელენსკიმ ახსენა რუსეთის ინტენსიური საჰაერო თავდასხმები, რომლებმაც ამ თვეში კიევის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა დასუსტდა იმის გამო, რომ კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა დააგვიანეს გადახდები აშშ-სთან ერთად წარმოებული PURL-ის იარაღის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში. ამის შედეგად, ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებმა დროულად ვერ ჩააღწია დანიშნულების ადგილამდე.
მაშინდელ ვითარებაზე საუბრისას ზელენსკიმ თქვა: „ვიცი, რომ (რუსული) ბალისტიკური რაკეტები ჩვენი ენერგოინფრასტრუქტურისკენ მოდის... და ისიც ვიცი, რომ რადგან მათი შემაკავებელი რაკეტები არ გვაქვს, ელექტროენერგია არ იქნება“.
ორმხრივი თავდასხმები
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ბოლო ღამის თავდასხმებისას ერთი ბალისტიკური რაკეტა და 111 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რაკეტამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკივის ოლქში მდებარე ამერიკული კომპანიის საწყობები დააზიანა, თუმცა კომპანიის სახელი არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის არმიამ კი განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზაპორიჟიეს ოლქში, რუსეთის რამდენიმე ლოჯისტიკურ ობიექტს დაარტყა.
ზელენსკის თქმით, ენერგოობიექტებზე საჰაერო თავდასხმების შეჩერების გზით დაძაბულობის შემცირების ინიციატივა აშშ-მა გასულ უქმეებზე, აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე წამოაყენა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღი ან ადგილი, რომელიც ამ კვირას კვლავ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იგეგმებოდა, შესაძლოა შეიცვალოს.
პარასკევს, თავისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკიმ თქვა: „ამერიკელებმა განაცხადეს, რომ სურთ ორივე მხარემ გადადგას გარკვეული ნაბიჯები შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების გამოყენებისგან თავის შესაკავებლად, რათა გზა გაეხსნას დიპლომატიას და ამ კონტექსტში მათ დაძაბულობის დეესკალაციის საკითხის დღის წესრიგში დაყენება სურთ“.
ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯები იმ კრიტიკულ პერიოდს ემთხვევა, როდესაც მომავალ თვეში ომი მეოთხე წელში გადადის.
ამავდროულად, რუსული ქვედანაყოფები აგრძელებენ ნელ, მაგრამ სტაბილურ წინსვლას უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქში. მოსკოვი თითქმის ყოველდღიურად აგრძელებს ასობით უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმებს უკრაინის იმ დაბებსა და ქალაქებზე ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარეობს.











