პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გუშინ დედაქალაქ ანკარაში ლიბიის ეროვნული არმიის სარდლის, ხალიფა ჰაფტარის მიღების შემდეგ, ლიბიის აღმოსავლეთში მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან თურქეთის მიმართ კმაყოფილების გამომხატველი განცხადებები გავრცელდა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ დედაქალაქ ანკარაში მიიღო ლიბიის ეროვნული არმიის სარდალი ხალიფა ჰაფტარი და მისი ვაჟები: ლიბიის ეროვნული არმიის სარდლის მოადგილე სადამ ჰაფტარი, ლიბიის ეროვნული არმიის გენერალური შტაბის უფროსი ხალიდ ჰაფტარი და ლიბიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ფონდის ხელმძღვანელი ბელქასიმ ჰაფტარი.
ერდოღან-ჰაფტარის შეხვედრის შემდეგ, ლიბიის აღმოსავლეთში მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან პრეზიდენტ ერდოღანისა და თურქეთის მიმართ მადლიერებისა და კმაყოფილების გამომხატველი განცხადებები გაკეთდა.
ლიბიის ეროვნული არმიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ხალიფა ჰაფტარმა კმაყოფილება გამოთქვა პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გაწეული თბილი დახვედრისა და სტუმართმოყვარეობის გამო.
ჰაფტარმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარაში ვიზიტი ლიბიასა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და თანამშრომლობის ჰორიზონტის გაფართოების ფარგლებში განხორციელდა.
„ვაფასებთ თურქეთის კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც ლიბიის ერთიანობას უჭერს მხარს“
ლიბიის ეროვნული არმიის სარდლის მოადგილემ, სადამ ჰაფტარმაც სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ლიბია-თურქეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.
სადამ ჰაფტარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი აფასებენ ლიბიის ერთიანობის მხარდამჭერ თურქეთის კონსტრუქციულ მიდგომას და სრულად უჭერენ მხარს ამ პოზიციას, განაცხადა:
„ეს პროცესი, რომელსაც დღეს თურქეთის რესპუბლიკასთან ერთად ვუყრით საფუძველს, სცილდება მიმდინარე პერიოდის პირობებზე დამოკიდებულ შეფასებებს და ეფუძნება გრძელვადიან ხედვას, რომელიც იაზრებს რეგიონულ და საერთაშორისო ცვლილებებს, ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე იყენებს ხმელთაშუა ზღვის აუზში ორი ქვეყნის მდებარეობით გახსნილ თანამშრომლობის შესაძლებლობებს პოლიტიკურ, სამხედრო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში და აძლიერებს ორი ქვეყნის როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.“
ლიბიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ფონდის ხელმძღვანელმა ბელქასიმ ჰაფტარმა კი ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხთან საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს თურქული კომპანიების როლს ლიბიაში და აღნიშნა, რომ მომდევნო პერიოდში თურქული კომპანიები ლიბიაში უფრო ფართოდ შევლენ.
ჰაფტარის თურქეთში ვიზიტისთანავე, ლიბიის წარმომადგენელთა პალატის მიერ დანიშნული, ბენღაზიში მოქმედი მთავრობის მხრიდან გავრცელდა განცხადება თურქეთის მოქალაქეებისთვის ლიბიის ვიზის გაუქმების შესახებ.
აღინიშნა, რომ ბენღაზიში მოქმედი მთავრობის პრემიერ-მინისტრის, უსამა ჰამადის მიერ გამოცემული განკარგულებით, თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზისა და მოსაკრებლის გადასახადი გაუქმდა და ეს ნაბიჯი წარმოადგენს ლიბია-თურქეთის ურთიერთობების მხარდაჭერის, ეკონომიკური თანამშრომლობის ჰორიზონტების გაფართოებისა და ორ მეგობარ ხალხს შორის კომუნიკაციის განვითარების სურვილის გამოხატულებას.
ლიბიაში ორი მთავრობა მოქმედებს: ერთი — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერაც აღიარებული, დედაქალაქ ტრიპოლიში მდებარე ეროვნული ერთიანობის მთავრობა, ხოლო მეორე — ლიბიის წარმომადგენელთა პალატის მიერ დანიშნული მთავრობა, რომელიც ბენღაზიში მდებარეობს.













