აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, განახორციელებს თუ არა ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის წინააღმდეგ, იმ დროს, როდესაც საუდის არაბეთის მიერ იემენში ჰუსიტ ამბოხებულებზე თავდასხმების გამო, განახლებული კონფლიქტი მთელ რეგიონში გავრცელების საფრთხის წინაშე დგას.
ტრამპმა პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თეირანმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში „სერიოზული“ ქმედება დაიწყო, რის გამოც ირანზე ფართომასშტაბიან იერიშებს ამ ეტაპზე გადადებს.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ირანზე მძიმე დარტყმების შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „არა, არ მიმიღია. ამჟამად მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვფიქრობ, დღეების გასვლასთან ერთად, შესაძლოა აშკარა მიზეზების გამო, ისინი უფრო და უფრო სერიოზულად იქცევიან“.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა არჩევანი უნდა გააკეთოს შეთანხმების დადებასა და თავდასხმების „ბევრად მაღალ დონეზე“ აყვანას შორის.
აშშ-ის მიერ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში წარმოებულმა თავდასხმებმა მანამდე მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ფაქტობრივად დაასრულა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ არ იცის, რა იქნება გადაწყვეტილების მიღების „კრიტიკული ზღვარი“, თუმცა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნასთან მიახლოება მისი „წითელი ხაზია“.
აშშ ამტკიცებს, რომ თავდასხმები მიზნად ისახავს ირანის მხრიდან კრიტიკული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის აღკვეთას.
ირანმა კი საპასუხოდ აშშ-ის ბაზებზე იერიშები მიიტანა, რის შედეგადაც ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
ირანის არმიამ განაცხადა, რომ ვაშინგტონის ბოლო თავდასხმების საპასუხოდ, პარასკევს ბაჰრეინში, იორდანიასა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტები ამოიღო სამიზნედ.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, სახელმწიფო მედიის ცნობით, განაცხადა, რომ ბაჰრეინში Amazon-ის მონაცემთა ცენტრს დაარტყეს. თუმცა, ამ განცხადებასთან დაკავშირებით არც ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას და არც ბაჰრეინის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აშშ-ის მხრიდანაც არ დადასტურებულა ინფორმაცია მათი ობიექტებისა თუ პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შესახებ.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს დილით ქვეყანაში კვლავ ჩაირთო განგაშის სიგნალები.
სამინისტრომ X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა: „მოქალაქეებსა და ქვეყნის მცხოვრებლებს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ“.
ჩინეთმა მოლაპარაკებების განახლება მოითხოვა
ტრამპმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი ირანს იარაღს არ აწვდიან.
დიპლომატიური კონტაქტების ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ყირგიზეთში თავის ირანელ კოლეგას, სეიდ აბას არაღჩის შეხვდა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ვან იმ მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე განახლებისა და იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულებისკენ, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და ყურის რეგიონში დაძაბულობის შემცირებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული მემორანდუმი ეფუძნებოდა წინასწარ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავდა მხარეებს შორის ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული შიხში შესული მდგომარეობის დაძლევას, თუმცა კონფლიქტის განახლების გამო ჩაიშალა.
ვან იმ განაცხადა: „მოლაპარაკებების კარი ერთხელ თუ გაიღო, აღარ უნდა დაიხუროს. მანამ, სანამ მშვიდობის იმედი არსებობს, მასზე უარი არ უნდა ვთქვათ“.
კონფლიქტი წითელ ზღვასაც გადაედო
ომის ახალ ფრონტზე, ჰუსიტებმა საუდის არაბეთისთვის საზღვაო ბლოკადის გამოცხადების შემდეგ წითელ ზღვაში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმები განახორციელეს.
საუდის არაბეთმა საპასუხოდ იემენში ჰუსიტების კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ჰოდეიდაზე მიიტანა იერიში.
დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბლოკადის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ჰუსიტები საუდის არაბეთის გემს დაესხნენ თავს.
ეს მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უდიდესი ნავთობექსპორტიორის შესაძლებლობას, განახორციელოს მიწოდება გლობალურ ბაზრებზე.
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, წითელი ზღვა არის სხვა ძირითადი საზღვაო მარშრუტი, რომლის გამოყენებაც რიადს შეუძლია. აშშ კი ხელს უშლის გემების შესვლას ირანის პორტებში.
ჰოდეიდას მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აფეთქებების ხმა გაიგეს, თვითმხილველის თქმით კი, აფეთქებები პორტის მახლობლად მოხდა.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის სპიკერმა, თურკი ალ-მალიკიმ X პლატფორმაზე განაცხადა: „ტერორისტულმა ჰუსიტურმა ძალებმა წითელ ზღვაში კომერციული გემები ამოიღეს სამიზნედ“.
მალიკიმ აღნიშნა, რომ კოალიციამ ამას „გადამწყვეტი და ძლიერი პასუხი გასცა“.















