ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სიდნეის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ ებრაულ ფესტივალზე მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზიები „უვადოდ“ აღარ უნდა გაიცემოდეს.
ორშაბათს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა სიდნეის სანაპიროზე ებრაულ ფესტივალს ცეცხლი გაუხსნეს და 15 ადამიანი მოკლეს.
ბრალდებულები, მამა და შვილი, კვირას საღამოს თავს დაესხნენ ხალხმრავლობას, რომელიც სანაპიროზე ხანუქას დაწყებას აღნიშნავდა.
პოლიციამ დაადასტურა, რომ 50 წლის მამა ფლობდა ექვსი იარაღის შენახვის ნებართვას და სავარაუდოდ, თავდასხმისას სწორედ ეს იარაღები იქნა გამოყენებული.
პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება, მათ შორის ერთი პირის მფლობელობაში არსებული იარაღის რაოდენობის შეზღუდვა. „მთავრობა მზადაა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი. მათ შორის იარაღის შესახებ კანონების გამკაცრებაც,“ - თქვა მან.
ალბანეზემ აღნიშნა, რომ რეფორმებს ორშაბათს ნაშუადღევს, შტატების პრემიერებთან ეროვნული კაბინეტის შეხვედრაზე განიხილავს. „ადამიანები დროთა განმავლობაში შესაძლოა რადიკალები გახდნენ. ლიცენზიები უვადო არ უნდა იყოს,“ - განაცხადა მან.
ალბანეზემ დასძინა, რომ დადგა დრო შეფასდეს, უნდა გამკაცრდეს თუ არა ქვეყანაში იარაღის კანონები და თქვა: „მე ამისთვის ნამდვილად მზად ვარ.“
კანონები მკაცრია, თუმცა კითხვები რჩება
1996 წელს პორტ-არტურში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, როდესაც ერთმა შეიარაღებულმა პირმა 35 ადამიანი მოკლა, ავსტრალიაში მასობრივი სროლები იშვიათობაა.
ქვეყნის იარაღის ფლობის სისტემა ფართოდაა აღიარებული, რადგან ერთ სულ მოსახლეზე ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
თუმცა, კვლევითი ორგანიზაციის „ავსტრალიის ინსტიტუტის“ მიერ წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ლეგალურად რეგისტრირებული იარაღის რაოდენობა ბოლო 20 წელზე მეტია სტაბილურად იზრდება და ახლა ოთხ მილიონს აღწევს, რაც აჭარბებს 1996 წლის გამკაცრებამდე არსებულ რაოდენობას.
ახალი სამხრეთ უელსის (NSW) პოლიციის კომისარმა, მელ ლანიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებული მდგომარეობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ლიცენზია მას მის ხელთ არსებული იარაღის ფლობის კანონიერ უფლებას აძლევდა.
სუინბერნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ლექტორმა, მაია გომესმა განაცხადა, რომ ახალ სამხრეთ უელსში იარაღის ლიცენზიის მფლობელებმა ჯერ უნდა დაასაბუთონ, რომ იარაღი რეალური მიზეზისთვის სჭირდებათ.
ბონდის სანაპიროზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გომესმა ელ-ფოსტით გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ „კითხვები შეიძლება გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა წარდგენილი დასაბუთება იარაღის რაოდენობას და რამდენად იყო დაკავშირებული ეს მიზეზები თავდასხმისას გამოყენებული იარაღის ტიპებთან“.
დანაშაულის დონე დაბალი რჩება
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში იარაღის რაოდენობა იზრდება, იარაღთან დაკავშირებული დანაშაული გლობალური მასშტაბით დაბალი რჩება. ავსტრალიის კრიმინოლოგიის ინსტიტუტს უახლესი მონაცემებით, 2024 წლის ივნისამდე, ერთი წლის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობას 33 ავსტრალიელი ემსხვერპლა.
შედარებისთვის, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში აშშ-ში დღეში საშუალოდ 49 ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობა ხდებოდა.
ტრაგედიამ, რომელიც „პორტ-არტურის ხოცვა-ჟლეტის“ სახელითაა ცნობილი, გამოიწვია მასშტაბური რეფორმები, რაც დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში „ოქროს სტანდარტად“ ითვლებოდა.
ამ რეფორმებს შორის იყო იარაღის გამოსყიდვის პროგრამა, იარაღის ეროვნული რეესტრი და მკაცრი ზომები ნახევრად ავტომატური იარაღის ფლობაზე.