ისრაელის არმიამ ლიბანი დაბომბა და განაცხადა, რომ სამიზნე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა იყო
ისრაელის არმიის ცნობით, თავდასხმების შედეგად განადგურდა „ჰეზბოლას“ კუთვნილი სამხედრო ნაგებობები და სარაკეტო გამშვები ბაზა.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ სამშაბათს სამხრეთ ლიბანში თავდასხმები განახორციელა, რომელთა სამიზნეს „ჰეზბოლას“ მიერ მართული საწვრთნელი ბანაკი და რამდენიმე სხვა ობიექტი წარმოადგენდა.
„მცირე ხნის წინ, IDF-მა (ისრაელის თავდაცვის ძალებმა) სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, დარტყმის სამიზნე იყო „ჰეზბოლას“ სპეცდანიშნულების რაზმ „რადვანის“ მიერ გამოყენებული „საწვრთნელი და საკვალიფიკაციო ბანაკი“, ასევე „ჰეზბოლას“ სამხედრო ნაგებობები და გამშვები პუნქტი.
მიუხედავად 2024 წლის ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომელსაც ისრაელსა და ლიბანურ შიიტურ დაჯგუფებას შორის ერთწელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უნდა დაესრულებინა, ისრაელმა ლიბანზე თავდასხმები გააგრძელა და სამხრეთ ლიბანის ხუთ რაიონში სამხედრო ოკუპაციას კვლავ ახორციელებს.
ლიბანის მთავრობამ „ჰეზბოლას“ განიარაღების ვალდებულება აიღო; არმია გეგმავს, წლის ბოლომდე საზღვრის მახლობლად დაჯგუფების სამხედრო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს, რის შემდეგაც ქვეყნის დანარჩენ ნაწილზე გადავა.
შაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს დელეგაციამ ყველა მხარეს მოუწოდა, დაიცვან ერთწლიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.