ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ცრემლმორეულმა მესიმ არგენტინასთან დამშვიდობებისას ოსტატობის ბოლო გაკვეთილი ჩაატარა
ლიონელ მესიმ ერთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით ემოციური გამომშვიდობება მოაწყო მატჩში, რომელშიც არგენტინამ ბენინი 3:0 დაამარცხა. მესის მიერ გატანილი ეს ბურთი მის 208-ე და არგენტინელი ლეგენდის უკანასკნელ სანაკრებო მატჩში 126-ე სანაკრებო გოლი გახდა.
ცრემლმორეულმა მესიმ არგენტინასთან დამშვიდობებისას ოსტატობის ბოლო გაკვეთილი ჩაატარა
ცრემლმორეულმა მესიმ არგენტინასთან დამშვიდობებისას ოსტატობის ბოლო გაკვეთილი ჩაატარა / AFP
 

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ბენინის წინააღმდეგ გამართულ და 3:0 მოგებულ ამხანაგურ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და თავის 21-წლიან არაჩვეულებრივ სანაკრებო კარიერას წერტილი დაუსვა.

სამშაბათს, „მონუმენტალის“ სტადიონზე 85 000-ზე მეტი გულშემატკივრის თვალწინ გამართული ეს უკანასკნელი გამომშვიდობება, უბრალო საფეხბურთო მატჩზე მეტად, ეროვნულ ზეიმს ჰგავდა, სადაც ეროვნულ ნაკრებში მესის მიერ განვლილ გზას აღნიშნავდნენ.

დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები ნაკრების ცისფერ-თეთრ ფერებში განათდა, გულშემატკივრები კი არგენტინის ეროვნულ ჰიმნს ემოციურად მღეროდნენ. ფოიერვერკებმა მთელი სტადიონი გაანათა.

მესის ოჯახი, არგენტინის 1978, 1986 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონი შემადგენლობების ზოგიერთ წევრთან ერთად, ამ მომენტებს ტრიბუნებიდან სიამაყით ადევნებდა თვალს.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში, ეროვნული დროშის მონუმენტზე გაიშალა გიგანტური 10-ნომრიანი მაისური წარწერით „Gracias“ (მადლობა).

როდესაც ნაკრების ავტობუსი მისი სახელობის საწვრთნელ ბაზას ტოვებდა, გზის გასწვრივ ჩამწკრივებული ათასობით ადამიანის დანახვისას მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა.

როდესაც გუნდები მოედანზე გამოვიდნენ, მატჩისწინა ხელის ჩამორთმევისას ბენინის კაპიტანმა მესის საჩუქარი და წერილი გადასცა, რამაც მესი იმდენად ააღელვა, რომ საუბარი გაუჭირდა.

შეძახილები — „მესი, მესი“

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მესიმ საგოლე გადაცემა გააკეთა, რომლითაც ნიკოლას ოტამენდიმ არგენტინის სასარგებლოდ ანგარიში გახსნა.

ოტამენდი, რომელმაც მესისთან ერთად ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით ნაკრებში 17 წელი გაატარა, მესის მსგავსად სანაკრებო კარიერას ასრულებდა.

მოგვიანებით მესიმ გადაცემა გაუკეთა ნიკო პასს — რომელსაც არგენტინის ნაკრების მე-10 ნომრის ერთ-ერთ პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევენ — და მან მეორე გოლი გაიტანა.

მესიმ პენალტი ზუსტად შეასრულა, ანგარიში 3:0 გახადა, თავისი 126-ე სანაკრებო გოლი გაიტანა და ტრიბუნებიდან კვლავ გაისმა შეძახილები: „მესი, მესი“.

საფინალო სასტვენისთანავე თანაგუნდელები, მეტოქეები და მსაჯიც მესის გარშემო მის ჩასახუტებლად შეიკრიბნენ. შემდეგ კი ცა დრონების შთამბეჭდავმა შოუმ გაანათა, რომელიც არგენტინის ნაკრებში მესის ბრწყინვალე კარიერის დასრულებას მიეძღვნა.

მესი, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე მრავალწლიანი იმედგაცრუება მსოფლიო ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის ტრიუმფით სავსე ისტორიად აქცია, ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მეტი მატჩის (208) ჩამტარებლისა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულით ემშვიდობება.

არგენტინა წლების განმავლობაში ელოდა წარმატებას მესისგან. სამშაბათს კი ის იქ მხოლოდ მისთვის „მადლობის“ სათქმელად შეიკრიბა.

აღმოაჩინეთ
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
თურქეთის მასპინძლობით ანტალიაში მიმდინარე COP31 მეორე კვირაა გრძელდება.
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
FBI: კიბერთავდასხმების ავტომატიზაციისთვის ARTEX-ი გამოიყენეს
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
178 მსხვილი გლობალური ბრენდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
მინისტრი ქურუმი: არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს
ირანი უარყოფს აშშ-სთან არსებულ „არც ომის, არც მშვიდობის“ სტატუს-კვოს
პრეზიდენტი ერდოღანი: პალესტინის საქმეს ყველა პლატფორმაზე ყველაზე ძლიერად დავიცავთ
ეკლესიაზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის გამო სამ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აიზენკოტმა ნეთანიაჰუს მოწოდება ერთიანობისკენ „მანიპულაციად“ შეაფასა და უარყო