ლიბიის წარმომადგენელთა პალატის ოფიციალური გაზეთის მე-17 ნომერში გამოქვეყნებული 2026 წლის №8 კანონით დამტკიცდა თურქეთსა და ლიბიის იმდროინდელ ეროვნული თანხმობის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო იურისდიქციის ზონების დელიმიტაციის შესახებ, რითაც ყველა ოფიციალური პროცედურა დასრულდა.
შეთანხმება 6 მუხლისა და 2 დანართისგან შედგება, ხოლო ლიბიასა და თურქეთს შორის კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის საზღვრები 36 ძირითადი გეოგრაფიული კოორდინატის წერტილის საფუძველზე განისაზღვრა.
აღინიშნა, რომ კოორდინატების წერტილები ორი ქვეყნის სანაპიროებს შორის თანაბრად არის განაწილებული.
შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე მესამე ქვეყანასთან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის საზღვრების განსაზღვრასთან დაკავშირებით ისეთ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რომლებმაც შესაძლოა დადგენილ კოორდინატებზე გავლენა მოახდინოს, იგი მეორე მხარეს ინფორმაციას მიაწვდის და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს.
შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შეუძლია ერთობლივი რეგულაციები შეიმუშაოს იმ ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციისთვის, რომლებიც შესაძლოა მათ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებს შორის ვრცელდებოდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო საზღვრების განსაზღვრასთან დაკავშირებული მუხლები და მათი დანართები შეთანხმებით გათვალისწინებული გადახედვისა და ცვლილებების შეტანის მექანიზმის მიღმაა დატოვებული.
ლიბიის წარმომადგენელთა პალატამ 20 ოქტომბერს ერთხმად მიიღო 2019 წელს ლიბიის იმდროინდელ ეროვნული თანხმობის მთავრობასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი საზღვაო იურისდიქციის ზონების დელიმიტაციის შესახებ.
პალატამ ასევე ერთხმად გააუქმა თავისი 2020 წლის №1 გადაწყვეტილება, რომლითაც მემორანდუმის დამტკიცებაზე უარი ითქვა, და №6 გადაწყვეტილება, რომელიც თურქეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაწყვეტას შეეხებოდა.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ლიბიის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ფაიზ ალ-სარაჯის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს ხელმოწერილი მემორანდუმი ძალაში 2019 წლის 7 დეკემბერს შევიდა.













