თურქეთმა, არაბულმა ლიგამ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OIC) და 18-მა სხვა ქვეყანამ „ყველაზე მკაცრი ფორმით“ დაგმეს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების სერია, რომლებიც რადიკალურად აფართოებს ისრაელის უკანონო კონტროლს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე.
თურქეთის, ბრაზილიის, საფრანგეთის, ესპანეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და არაბულ ლიგასთან ერთად, ორშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები ფართომასშტაბიანია; ისინი მოიცავს პალესტინის მიწების ე.წ. ისრაელის „სახელმწიფო მიწებად“ ხელახალ კლასიფიკაციას, უკანონო დასახლებების მშენებლობის დაჩქარებას და ისრაელის ადმინისტრაციის შემდგომ განმტკიცებას.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელის დასახლებების მშენებლობა შეაფასეს, როგორც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, გაეროს უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციებისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2024 წლის საკონსულტაციო დასკვნის ჩათვლით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები არის ნაწილი აშკარა ტენდენციისა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილზე არსებული რეალობის შეცვლას და მიუღებელი დე ფაქტო ანექსიის წინ წაწევას“. იქვე გაჟღერდა გაფრთხილება, რომ აღნიშნული ნაბიჯები ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მცდელობებს და საფრთხეს უქმნის რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობებს.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს ისრაელის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილებები, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც სამუდამოდ შეცვლის ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიების „სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სტატუსს“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილებები წარმოადგენს ისრაელის დასახლებების პოლიტიკის უპრეცედენტო დაჩქარების გაგრძელებას, მათ შორის E1 პროექტის დამტკიცებასა და შესაბამისი ტენდერების გამოქვეყნებას; მსგავსი ქმედებები შეფასებულია, როგორც მიზანმიმართული და პირდაპირი თავდასხმა პალესტინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობასა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის (two-state solution) განხორციელებაზე.
ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უარყოფენ ყველა იმ ზომას, რომელიც მიზნად ისახავს 1967 წლიდან ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიების, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმის, დემოგრაფიული სტრუქტურის, ხასიათისა და სტატუსის შეცვლას და გამოხატეს წინააღმდეგობა „ყოველი სახის ანექსიის მიმართ“.
დასახლებულთა ძალადობის დასრულება
დასავლეთ სანაპიროზე არსებული საგანგაშო ესკალაციის გათვალისწინებით, განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა ისრაელისადმი მოწოდება - ბოლო მოუღოს პალესტინელების წინააღმდეგ მოსახლე-კოლონისტების (სეტლერების) ძალადობას და პასუხისმგებელ პირებს კანონის წინაშე პასუხი აგებინოს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს იერუსალიმისა და წმინდა ადგილების ისტორიული და სამართლებრივი სტატუსის დაცვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით რამადანის თვეში, და აღნიშნეს, რომ განმეორებითი დარღვევები საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას.
განცხადებაში ნათქვამია: „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები პალესტინის ტერიტორიებზე უკანონო დასახლებების გაფართოების, იძულებითი გადასახლების პოლიტიკისა და ანექსიის მუქარის წინააღმდეგ“.
გარდა ამისა, ისრაელს მოუწოდეს, 1994 წლის პარიზის პროტოკოლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პალესტინის ადმინისტრაციის კუთვნილი და დაკავებული საგადასახადო შემოსავლები. აღინიშნა, რომ ეს ფონდები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი ხალხისთვის ძირითადი მომსახურების მისაწოდებლად.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ურყევი ერთგულება სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიმართ. განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება 1967 წლის 4 ივნისის საზღვრების საფუძველზე, არაბული სამშვიდობო ინიციატივისა და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს პრინციპით, გადამწყვეტია რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და ინტეგრაციისთვის.
განცხადება სრულდება სიტყვებით: „რეგიონის ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის თანაარსებობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული პალესტინის სახელმწიფოს რეალიზებით“.


















