გლობალური ეკონომიკის მომავალზე, საერთაშორისო ინვესტიციებსა და ახალ სავაჭრო შესაძლებლობებზე ამჯერად ფალანდოქენში ისაუბრებენ. თურქეთის ზამთრის ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი, ერზურუმის ფალანდოქენი, მსოფლიოს ეკონომიკის, ფინანსებისა და დიპლომატიის წრეებს უმასპინძლებს.
ფალანდოქენის II ეკონომიკური ფორუმი 2026 წლის 4–6 დეკემბერს, პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება.
ფორუმი ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს მინისტრებს, ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის ხელმძღვანელებს, გლობალური ფინანსური სამყაროს წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აკადემიური წრეების წევრებს.
ფორუმზე, რომელიც თემაზე „კაპიტალი გლობალური გაურკვევლობის პირობებში: ინვესტიციების ახალი ფორმულა“ გაიმართება, განიხილება მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ტრანსფორმაცია, კაპიტალის მოძრაობის ცვლილებები, საერთაშორისო ვაჭრობა, საინვესტიციო სტრატეგიები და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.
ფორუმის პირველი დღე 4 დეკემბრის ღამეს ფალანდოქენის მწვერვალზე დაგეგმილი ჩირაღდნებით სათხილამურო შოუთი დაიწყება. ღონისძიების ოფიციალური გახსნა კი, რომელიც ეკონომიკასა და დიპლომატიას ზამთრის ტურიზმთან დააკავშირებს, 5 დეკემბერს გაიმართება.
გახსნის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაღალი რანგის მონაწილეები და დარგის ექსპერტი მომხსენებლები 10 სხვადასხვა სესიაზე გლობალური ეკონომიკის მომავალს, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებს შეაფასებენ.
სამდღიანი ფორუმი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში წვლილის შეტანის გარდა, მიზნად ისახავს მსოფლიოს გააცნოს ერზურუმის ტურისტული, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი.
ერზურუმი, რომელიც 2026 წლის ერთ-ერთ ბოლო მასშტაბურ საერთაშორისო ეკონომიკურ შეხვედრას უმასპინძლებს, ემზადება, რომ სახელი გაითქვას არა მხოლოდ ზამთრის ტურიზმით, არამედ ეკონომიკისა და დიპლომატიის მიმართულებით გამართული შეხვედრებითაც.














