რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ თურქეთთან გრძელვადიანი პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ და მზად არიან, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე პარტნიორობა განავითარონ.
რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ალექსანდრ ნოვაკი თურქეთში გამართული შეხვედრების ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტ ჯევდეთ ილმაზსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა.
განცხადებაში მოყვანილი შეფასებისას ნოვაკმა მიუთითა, რომ ორ ქვეყანას ათწლეულების მომცველი პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვს და აღნიშნა: „ის, რომ მსგავსი ინიციატივების ერთობლივად ბოლომდე მიყვანა შეგვიძლია, ჩვენს ურთიერთობებს სტაბილურობას სძენს. რუსეთი მზადაა, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე განაგრძოს ამ პარტნიორობის განვითარება“.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ინტენსიური და კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს და დასძინა, რომ თურქეთ-რუსეთის შერეული ეკონომიკური კომისიის მე-20 სხდომაზე ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხის ყოვლისმომცველად განხილვას გეგმავენ.
შეხვედრებზე, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გარდა, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებაზე მიმართული საკითხები განიხილეს.
თურქეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ნოვაკი ქოჯაელში, გებზეს ქიმიის სპეციალიზებულ სამრეწველო ზონაში აშენებული „TN Maleik“-ის ნავთობქიმიური ქარხნის გახსნასაც დაესწრო.













