სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ჰიუნმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-ირანის ომში ჩართვის ან რეგიონში სამხედროების გაგზავნის განზრახვა არ აქვს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, ორმა მინისტრმა დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილა.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩომ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას უჭერს მხარს, და განაცხადა, რომ სეულის ხელისუფლებას აშშ-ირანის ომში ჩართვისა და რეგიონში სამხედროების გაგზავნის გეგმა არ აქვს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაღჩიმ კი რეგიონში უცხოური ძალების ყოფნასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს არ შეუწყობს, პირიქით — გაზრდის დაძაბულობას და შეტაკებების მასშტაბს გააფართოებს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლება მეკობრეობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი სამხედრო-საზღვაო ქვედანაყოფის სამოქმედო არეალის ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიამდე გაფართოებას ისახავს მიზნად.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ განიხილება მეკობრეობასთან ბრძოლისთვის შექმნილი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ქვედანაყოფ Cheonghae-ს სამოქმედო არეალის გაფართოებისა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად დამატებითი სამხედრო ძალების განლაგების საკითხი.













