Apple-მა ბავშვებისთვის პოტენციურად საზიანო ინტერაქციების შესახებ ჩატარებული მოკვლევის შემდეგ, ჩინური კომპანია MiniMax-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი Talkie მთელ მსოფლიოში App Store-დან წაშალა.
ტელეარხ ABC News-ის მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში ბაზირებულ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროსთან ერთობლივი გამოძიების ფარგლებში კომპანიას პოზიციის შესახებ ჰკითხეს, Apple-მა აპლიკაცია სექსუალური შინაარსის კონტენტის გამო მაღაზიიდან ამოიღო.
გამოძიებამ დოკუმენტურად ასახა ავსტრალიასა და აშშ-ში მცხოვრები მშობლების განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ აღმოაჩინეს, როგორ მართავდნენ მათი შვილები პლატფორმის ხელოვნური ინტელექტის პერსონაჟებთან სექსუალური თვალსაზრისით შეუფერებელ და სიტყვიერი ძალადობის შემცველ დიალოგებს.
ტრადიციული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებისგან განსხვავებით, Talkie მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვირტუალურ პერსონაჟებთან ტექსტური და ხმოვანი ჩატების მეშვეობით პირადი ურთიერთობების სიმულირება მოახდინონ.
მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციას როგორც Apple App Store-ში, ისე Google Play-ში 18+ ასაკობრივი რეიტინგი ჰქონდა, ამ სერვისზე წვდომა ათასობით ბავშვმა მაინც მოიპოვა.
Apple-მა დაადასტურა, რომ აპლიკაცია მთელ მსოფლიოში წაიშალა. თუმცა, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროს მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, Talkie კვლავ ხელმისაწვდომი იყო Google Play-ში, სადაც ის 50 მილიონზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული.
Apple-მა Talkie საკუთარი მაღაზიიდან უკვე მეორედ წაშალა. აპლიკაციის წინა ვერსიაც მომხმარებლების მიერ შექმნილი მიუღებელი კონტენტის გამო 2024 წელს წაიშალა, რის შემდეგაც MiniMax-მა 2025 წელს ახალი ვერსია გამოუშვა.













