კოლუმბიამ ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული ებრაული სექტის წევრები ქვეყნიდან გააძევა

კოლუმბიის ხელისუფლების მიერ 17 არასრულწლოვნის გადარჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ულტრაორთოდოქსული ებრაული ჯგუფის ცხრა წევრი ქვეყნიდან გაიყვანეს.

By
კოლუმბიამ ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული ებრაული სექტის წევრები ქვეყნიდან გააძევა / Reuters

ორშაბათს კოლუმბიამ ორთოდოქსული ებრაული სექტის, „ლევ ტაჰორის“ ცხრა წევრი ქვეყნიდან გააძევა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია 17 ბავშვის გადარჩენის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.

კოლუმბიის მიგრაციის სააგენტომ განაცხადა, რომ სექტის წევრებს მედელინის საერთაშორისო აეროპორტში გაჰყვნენ და ნიუ-იორკის რეისზე ჩასვეს, რათა ისინი აშშ-ის ხელისუფლებისთვის გადაეცათ.

ოფიციალურმა პირებმა დასძინეს, რომ იმავე თვითმფრინავით გადაიყვანეს სხვადასხვა ქვეყნიდან (მათ შორის აშშ-დან და გვატემალადან) ჩამოსული მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებიც აშშ-ში ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებებს უნდა გადაეცეთ.

სექტის წინააღმდეგ გამოძიება წლებია მიმდინარეობს

„ლევ ტაჰორი“, რომლის სახელიც „სუფთა გულს“ ნიშნავს, წლებია, რამდენიმე ქვეყანაში (მათ შორის მექსიკაში, კანადაში, გვატემალასა და ახლა უკვე კოლუმბიაში) გამოძიების საგანია ისეთი ბრალდებების გამო, როგორიცაა იძულებითი ორსულობა, ბავშვებზე ძალადობა და გაუპატიურება.

ითვლება, რომ ჯგუფი 1980-იან წლებში დაარსდა და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკიდან დაახლოებით 50 ოჯახს აერთიანებს. ინტერპოლმა მისი რამდენიმე ლიდერის მიმართ ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადა.

2024 წლის დეკემბერში, გვატემალის ხელისუფლებამ „ლევ ტაჰორის“ ფერმიდან 160 ბავშვი გამოიყვანა, რაც ფართოდ გავრცელებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ პროკურატურის ბრალდებებს მოჰყვა.