ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით და ომანის სანაპიროების მახლობლად 2 ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმს შეეჯახა და აფეთქდა.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღამის საათებში 2 ნავთობტანკერი სხვადასხვა წერტილში საზღვაო ნაღმებს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ტანკერი ნაღმს მაშინ შეეჯახა, როდესაც ომანის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი პორტის დატოვებას ცდილობდა, მეორე კი - ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით, ნებადაურთველი მარშრუტის გამოყენებით ფარულად გავლის მცდელობისას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაღმებთან შეჯახების შემდეგ ორივე ტანკერზე აფეთქებები მოხდა და გემებზე ხანძარი გაჩნდა.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, თეირანის ხელისუფლებამ 2 მარტს ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. ამის საპასუხოდ, აშშ-მა 13 აპრილს ირანის წინააღმდეგ, რომელმაც ჰორმუზი ჩაკეტა, საზღვაო ბლოკადა დაიწყო.
ირანმა განაცხადა, რომ მიზანში ამოიღებს გემებს, რომლებიც „მის მიერ განსაზღვრული მარშრუტის მიღმა, ნებართვის გარეშე გაივლიან“.
დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ორგანიზაციის მონაცემებით, აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმით დაწყებული ომის შემდეგ, ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარედ თავდასხმების სამიზნე 140-ზე მეტი გემი გახდა.













